ინგოროყვას კლინიკური დირექტორი - „ტვ პირველის“ ოპერატორი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაეწერება, ხოლო მონიტორინგის მიზნით ჟურნალისტს კლინიკაში დარჩენას შევთავაზებთ
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკიდან დღეს გაეწერება, ხოლო რაც შეეხება მაკა ჩიხლაძეს, მას აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია და ექიმები დღეს 24-საათიან მონიტორინგს შესთავაზებენ.
„დაგეგმილი გახლდათ ორივე პაციენტის გაწერა. მაკა ჩიხლაძის გაწერას ვგეგმავდით დღეს, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა. ისევ ჩვენი მოთხოვნით, ახლა გადაწყდა, ქალბატონს შევთავაზებთ კლინიკაში დარჩენას და წნევის 24-საათიან მონიტორინგს, რათა გამოვრიცხოთ ყველა ის შესაძლებელი, არსებული ან მერე განვითარებული პათოლოგიები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ამიტომ მაკა ჩიხლაძეს ჩვენ ამას შევთავაზებთ. ბუნებრივია, პაციენტის ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ, ინფორმირებულ თანხმობას როდესაც მივიღებთ, მას დავტოვებთ კიდევ ერთი დღით კლინიკაში და, შესაბამისად, ჩაუტარდება სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული გამოკვლევა. რაც შეეხება ოპერატორს, ის დღეს გაეწერება“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.
აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ამასთან, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა.