ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ორივე მათგანი კლინიკაში, ნევროლოგიურ დეპარტამენტში დარჩებიან.

„დღეს ჩვენთან აქციიდან სულ ათი ადამიანი შემოიყვანეს, ყველას ჩაუტარდათ გამოკვლევები. ათიდან სამი პაციენტი გაეწერა ბინაზე, ჩვენთან რჩება შვიდი პაციენტი.

მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, ორივეს აღენიშნება მსუბუქი თავის ტვინის შერყევა. ჯერ ისევ მიმდინარეობს კვლევები და დანარჩენს კვლევების დასრულების შემდეგ მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებებია ძირითადად თავის, სახის და მუხლის არეში. სტაციონარიზაცია არის საჭირო. ტომოგრაფია გადაღებულია, ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოვათავსებთ ორივეს. მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ“, – განაცხადა ექიმმა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.

აღნიშნულ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.