ინგლისში აიყვანეს ბანდა, რომელიც ფეხბურთელებს თავს ესხმოდა #1TVSPORT
2019 წლის ივლისში ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელებს მესუთ იოზილსა და საედ კოლაშინაცს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს. იოზილმა საკუთარი მანქანით კოლაშინაცი შინ მიიყვანა და სწორედ ამ დროს ავტომობილს მიუახლოვდა მოპედი, რომელზეც ორმა მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთი დანით იყო შეიარაღებული.
მძარცველების შეტევა თამამად მოიგერია კოლაშინაცმა – მან იმ დროსაც არ დაიხია უკან, როცა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა რამდენჯერმე შეახო დანა.
საბოლოოდ, მძარცველები გაიქცნენ, მაგრამ ამით ინციდენტი არ ამოწურულა. თავდასხმის შემდეგ, იოზილსა და კოლაშინაცს გამოესარჩლა აღმოსავლეთევროპული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც კოლეგებს მიანიშნა, რომ „არსენალის“ ფეხბურთელებს ხელშეუხებელთა სტატუსი აქვთ. ამის გამო აღშფოთდა სხვა ბანდა, რომელიც ლონდონში ბაზირებდა (სავარაუდოდ, სწორედ ის იდგა მოთამაშეებზე თავდასხმის უკან).
ამ ბანდის მონაწილეები, რომლებსაც „მხოლოდ“ ფეხბურთელთა ძვირფასი საათების წართმევა სურდათ, დაემუქრნენ მოთამაშეებს, რომ, ამჯერად, წაართმევდნენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ. ლონდონში იოზილისა და კოლაშინაცის სახლებთან დაცვის 24-საათიანი მორიგეობა შემოიღეს.
დღეს, ბოსნიელი და თურქი „არსენალში“ აღარ თამაშობენ: იოზილი „ფენერბაჰჩეში’ გადავიდა, კოლაშინაცი – „შალკეში“. ამასობაში, ბრიტანეთის პოლიციამ იპოვნა დამნაშავეები და ჰაროუს სამეფო სასამართლომ მათ განჩენი გამოუტანა. ბანდა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზე თავდასხმაზე, ლონდონს 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისამდე ატერორებდა.
დაჯგუფებაში რვა კაცი შედიოდა – მაჩეტეებით შეიარაღებულნი მდიდარ რაიონებში მიდიოდნენ, სადაც ან სახლებში იჭრებოდნენ, ან მანქანაში მყოფებს აყაჩაღებდნენ. როცა ბანდა აიყვანეს, მათ 93 ათასი ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა და ექვსი ათასი ფუნტი ნაღდი ფული აღმოაჩნდათ.
რვავე დამნაშავეს პატიმრობა მიუსაჯეს – ერთად 100 წელი გამოუვიდათ. ყველაზე მკაცრად (18-წლიანი პატიმრობა) 28 წლის ჯორდან ნორტოვერი დაისაჯა – სწორედ ის, ვინც დანას უღერებდა კოლაშინაცს. ჯორდანი ფოტოზე – ქვედა რიგში მარცხნიდან მეორეა.