ინგლისმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი B ლიგაში გავარდა
ინგლისმა ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი B ლიგაში გავარდა

ინგლისის ნაკრები მეორე გუნდია, რომელმაც ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება გაინაღდა.

A დივიზიონის მეოთხე ჯგუფის ბოლო მატჩში ინგლისი „უემბლის“ სტადიონზე ხორვატიას იღებდა. მეტოქეებს 4-4 ქულა ჰქონდათ და მოგებული ჯგუფის გამარჯვებული ხდებოდა, წაგებული კი B ლიგაში ვარდებოდა. ფრის შემთხვევაში, პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრები დარჩებოდა, რომელმაც ერთა ლიგაზე გამოსვლა 6 ქულით დაასრულა.

ანგარიში მატჩში ხორვატებმა გახსნეს – ანდრეა კრამარიჩმა 56-ე წუთზე თავი გამოიჩინა. ინგლისმა ქამბექი ბოლო 12 წუთში მოახერხა – ჯესი ლინგარდმა 78-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, 85-ე წუთზე კი ჰარი კეინმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ასე რომ, ცნობილია ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ორი მონაწილე – პორტუგალია და ინგლისი. ასევე გარკვეულია B ლიგაში გავარდნილი ოთხივე გუნდი: გერმანია, ისლანდია, პოლონეთი და ხორვატია.