ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ესპანეთში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და ზოგიერთი ინგლისელი გულშემატკივრის „მიუღებელი საქციელი“ დაგმო. 15 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები ხვდებოდნენ, არეულობა მოხდა და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აძრობს რამდენიმე გულშემატკივარი ავტომობილებს გვერდითა სარკეებს, ერთ-ერთი მამაკაცი კი გამვლელ მანქანას ჭიქას ესვრის.

„ჩვენ ვგმობთ მიუღებელ საქციელს, რომელსაც სევილიაში ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში, – „ჩვენ მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, პატივი სცენ მასპინძლებს და პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაკარგონ“.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, სერიოზულად დაშავებულთა შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

მატჩი სევილიაში სტუმართა გამარჯვებით, 2-3 დასრულდა.