ინგლისელებს პენალტების სერიაში ანალიტიკოსმაც ვერ უშველა - ვარსკვლავები უფრო ხშირად ცდებიან [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისელებს პენალტების სერიაში ანალიტიკოსმაც ვერ უშველა - ვარსკვლავები უფრო ხშირად ცდებიან [ვიდეო] #1TVSPORT

ფეხბურთის ისტორიაში არაერთი დრამატული პენალტების სერია გვინახავს. ევრო 2020-იც ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო და ფინალშიც იტალიამ ინგლისს სწორედ პენალტების სერიაში სძლია. ეს იმდენად საინტერესო თემაა, მეცნიერებმა მისი შესწავლა დაიწყეს.

პენალტების ანატომიაზე წიგნი „თერთმეტი მეტრი“ აღწერს შეცდომის ტიპოლოგიას – არასაფეხბურთო მოქმედებებს პენალტების სერიაში, რომლებიც წარუმატებლობას იწვევს. ავტორი ბენ ლიტლტონი ემყარება ყოფილი ფეხბურთელის და ახლა უკვე ნორვეგიის სპორტის მეცნიერებათა დოქტორის, გეირ იორდეტის სამწლიან კვლევას.

დიდ ტურნირებზე გატანის შანსი მცირდება

ევრო 2020-ზე სამი პენალტების სერია ვიხილეთ, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ნერვების გამოცდა იყო, ვიდრე – კლასის. ავტორიტეტულ ჟურნალში Sports Sciences- ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მატჩში პენალტის გატანის შანსი 85%-ია, სერიაში ეს მაჩვენებელი 76%-მდე მცირდება, ხოლო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე – 71%-მდე.

Soccernomics-ის თანაავტორი სიმონ კუპერი ამტკიცებს, თუ გუნდი პირველად არტყამს, გამარჯვების შანსი არის 60%. ერთადერთი გონივრული ახსნა არის მღელვარება. გუნდი, რომელიც თერთმეტმეტრიანებს მეორედ ასრულებს, ხშირად სერიის ბოლოს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ ექცევა – ან გოლი ან მარცხი.

მღელვარება კლასზე მაღლაა

ფსიქოლოგიის გადამწყვეტ მნიშვნელობას ასევე ადასტურებს მოთამაშეთა პირადი შთაბეჭდილებები. 2006 წლის მსოფლიო თასზე, სტივენ ჯერარდი პორტუგალიასთან პენალტების სერიისას გიჟურ ემოციებს ასე იხსენებდა:

„მე მზად ვიყავი დარტყმისთვის, მაგრამ მსაჯი არ ჩქარობდა. ბურთი დავდე, მეკარე ხაზზეა და სასტვენს რატომ უნდა დაველოდო? ეს დამატებითი წამები მარადისობად მომეჩვენა და მწყობრიდან ამომაგდეს. არადა, ვარჯიშზე ყველაფერი მარტივია – დადე ბურთი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე, გაიქეცი და გოლია“.

გარეტ საუთგეიტმა ევრო 1996-ზე გერმანიასთან გაფუჭებული პენალტი ასე გაიხსენა:

„მაშინ მხოლოდ ის მინდოდა, რომ ბურთი დამედო და ამით დასრულებულიყო ყველაფერი“.

სიმონ კუპერის აზრით, მსგავს მომენტებში მღელვარება კლასზე მაღლა დგას იმ ფეხბურთელებშიც კი, ვინც ვარჯიშზე 10-დან 10-ს იტანს.

ინგლისისთვის ნამდვილი ტკივილი

პენალტების სერია ინგლისისთვის ნამდვილი ტკივილია. 1990 წლიდან ევროსა და მსოფლიო თასზე ეროვნულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო 9 პენალტის სერიაში და 7 წააგო, 21-ე საუკუნეში მათ მხოლოდ ერთი სერია მოიგეს (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიასთან). 2014 წლისთვის მათ სერიაში დარტყმების 66% გაიტანეს, ხოლო მეტოქეებმა – 83%. ამ „წყევლაზე“ დიდი ტურნირების პლეიოფის დაწყებამდე ბრიტანულ მედიაში მუდმივად წერენ. სტატისტიკურად, გუნდის წარსული უარყოფითი გამოცდილება გავლენას ახდენს პენალტების სერიის წარმატებაზე, მაშინაც კი, თუ მოთამაშეს არაფერი აქვს საერთო ამ მარცხთან.

საშუალოდ, ბრიტანელები იწყებენ სირბილს სასტვენიდან 0,28 წამში, რაც ყველაზე დიდი დროა. ინგლისში მეცნიერულად სცადეს პრობლემის გადაწყვეტა და საუთგეიტმა გუნდში აიყვანა ანალიტიკოსები, რომლებიც სწავლობენ თუ როგორ ასრულებს მეტოქე პენალტს. თითოეულ სერიაში მეკარე ჯორდან პიკფორდი გამოდიოდა ინსტრუქციით, რომელიც ბოთლზე იყო დაწერილი. მაგრამ ამანაც არ უშველა.

ტოპ მოთამაშეები უფრო მეტად ნერვიულობენ

ფეხბურთის ისტორიაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც სერიაში ვარსკვლავები შეცდომას უშვებენ. რობერტო ბაჯომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალია დააღალატა, კრიშტიანო რონალდომ და სერხიო რამოსმა 2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ ვერ გაუტანეს, ლიონელ მესიმ იმავე სეზონის მეორე ნახევარფინალში „ჩელსის“ ვერ გაუტანა…

იორდეტმა გაანალიზა 37 პენალტების სერია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე და ჩემპიონთა ლიგაზე, რის შემდეგაც მონაწილეები სამ კატეგორიად დაყო. შედეგები გასაოცარია:

ვარსკვლავები – 59% ზუსტი დარტყმა;

რიგითი მოთამაშეები – 74% ზუსტი დარტყმა;

მომავალი ვარსკვლავები – 89%.

დატოვე კომენტარი