ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება დღეს წარუდგინა.

სამართალდამცველებმა რ.ნ. 2018 წლის 21 მაისს ქ.თბილისში დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ, ი.გ.-სთან, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას. ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. რ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.