ინგა გრიგოლია მის მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება
ინგა გრიგოლია მის მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცავ უწყებაში მისვლა გრიგოლიას განცხადებას უკავშირება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

როგორც ჟურნალისტმა პოლიციის სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, იმედი აქვს, რომ აღნიშნულ პირს პასუხისგებაში მისცემენ.

„ციხიდან მირეკავდა ჩემთვის გაუგებარი პიროვნება, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ ჩემი შვილის მამა არის გარდაცვლილი. ვინაიდან გავარკვიე, რომ მაშინ, 2011 წელი იყო თუ არ ვცდები, ციხიდან იყო ზარები, აღარ ვპასუხობდი ჩვეულებრივად ამ ციხის ნომრებს. 2013 წლის მერე როგორც ჩანს, გამოვიდა ციხიდან და უკვე დაიწყო ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა. არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება. საერთოდ არ ვიცი, რატომ მოვხვდი მისი ინტერესის არეალში. ვიყავი პოლიციაში სულ პირველად, როდესაც ძალიან აქტიური ზარები წავიდა, როცა ციხის გარეთ იყო და მემუქრებოდა. სრულიად გაუგებარი მუქარები იყო ჩემთვის, რომ შვილი მაჩვენე. მივმართე პოლიციას, დავდიოდი და ვაძლევდი ჩვენებას. პოლიციელებმა მაჩვენეს მისი ჩვენება, სადაც ამტკიცებდა იგი, რომ იყო ჩემი შვილის მამა. აქ მაქვს ფლეშკა, რომელზეც არის გადაღებული, როგორ მოდის ეს ადამიანი ტვ პირველთან, აწვდის ჩემს თანამშრომელს ამ წერილს, რომელშიც წერია, რომ 20 მაისამდე, თუ მე მის მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებ, ის შემომიმტვრევს სახლის კარს. მოვედი პოლიციაში, უნდა დავწერო განცხადება, დავტოვო ეს წერილი და იმედი მაქვს, ამჯერად მაინც პასუხისგებაში მისცემს მას“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ჟურნალისტმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა წერილი, სადაც საუბრობს, რომ უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. როგორც გრიგოლია წერს, უცნობი მამაკაცი მას ფულს სთხოვს.

გრიგოლიას თქმით, პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. ჟურნალისტის  განცხადებით, აღნიშნულის გამო გადაწყვიტა იარაღი ატაროს.

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.