ინგა გრიგოლია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა
ინგა გრიგოლია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს.

ინგა გრიგოლის განცხადებით, ქართული მედიის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი.

„ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. არავის გვჯერა, არავინ ვართ ისეთი ბრიყვები, დავიჯეროთ, რომ ეს შავრაზმული ჯგუფების დაგეგმილი იყო. არა, ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. სად იყო მაშინ სპეცრაზმი აქედან რომ ტყვიებს ესვრის ხოლმე მოქალაქეებს და მედიას, სად იყო პოლიცია, თუ არ იყო ეს თქვენი დაგეგმილი. ჩემს სიცოცხლეში პირველად გამოვდივარ მიტინგზე. მეგონა, ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემს სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს, მეც არ მჯერა ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა, გადადექით, სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ.

ასე ფსკერზე როგორ დაეშვით, დღეს გარდაცვლილ ჩვენს კოლეგას რომ შეურაცხყოფთ თქვენი ბრიფინგებით. არავის გვაინტერესებს თქვენი ბრიფინგები, არც თქვენი ექსპერტიზის პასუხები, არც გავაშუქებთ ამას. მე პირადად საერთოდ აღარ მაქვს არც ერთი კითხვა ხელისუფლების მიმართ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ მას შემდეგ, როცა ლექსოს დავკრძალავთ, რაზე? სარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკო-ს დაკომპლექტებაზე, თუ რაზე? აღარ მაინტერესებს არც ერთი თემა, აიღეთ პასუხისმგებლობა, გადადექით. დაისაჯონ დამნაშავეები, ბოლომდე ჩავყვებით. ჩვენი ტელევიზიის შესასვლელში, ლექსოს სურათის გვერდზე დევს დამტვრეული კამერები, დამტვრეული მიკროფონები, თავზე რომ დაალეწეს ქართულ მედიას, აი ეს არის თქვენი სახე. ორიოდე დღის წინ „ტვ პირველში“ შემოვარდანას აპირებდნენ, არავის ეშინია არც თქვენი კუნთების, არც შავი მაისურების, არც თქვენი წვერების. ჩემი რელიგია, მე რომ მიყვარს, ჩემი ეკლესია, მე რომ მიყვარს, ძალადობას ემიჯნება, ძალადობას არ ქადაგებს. სირცხვილი ყველა იმ წვერიანს, თუ უწვეროს, აქ სპეცოპერაციას რომ გვიტარებდნენ. რამდენმე დღის წინ „ტვ პირველში“ შემოვარდნას რომ აპირებდნენ და ამის დასტური იყო იქ უეცრად მობილიზებული პოლიცია, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით და მითხრა, ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდე, ამ ქვეყნაში გამოძიების იმედი არ მაქვს და ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო.

მინდა, ლექსოს მივცე პირობა, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. არ გავაშუქებ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა. ლექსო, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. პროფესიულ საქმიანობას შეწირულ ჩვენს კოლეგას ტაში დავუკრათ, ამ ნაძირლებს, ვინც ეს ჩაიდინეს, ვაჩვენოთ, რამდენი ვართ. ყველაფერი გაგვიბედეთ, რაც შეგეძლოთ, რომ გაგებედათ. დღეს დაბნელდა ჩემთვის, ხალხნო. თუ ამ მთავრობაში ვინმეს ოდნავ მაინც გული შესტკივა ქვეყანაზე, დაგვანახეთ, მოხსენით პრემიერ-მინისტრი, აგებინეთ პასუხი ყველას“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რუსთაველის გამზირზე აქციას შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ „მოამბის“ ეთერში.