ინგა გრიგოლია - ეს ინკასო არ გაგვწყვეტს, პირიქით, მოტივაცია გაათასმაგებული გვაქვს
ინგა გრიგოლია - ეს ინკასო არ გაგვწყვეტს, პირიქით, მოტივაცია გაათასმაგებული გვაქვს

ყველას ვაძლევ პირობას, 2020 წლიდან გაასმაგებული ძალებით ვიმუშავებთ. უბრალოდ, არჩევნების წინ ეს არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ განხორციელებული შტურმი, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხზე განაცხადა.

„ეს არის მედიაზე მორიგი შტურმი ხელისუფლების მხრიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოლიტიკურ შეტევაში ჩაერთო ფინანსთა სამინისტრო. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, ბიუჯეტში გადასახადები უნდა გადაიხადონ და ტელევიზიების არსებობა არ არის ვიღაცისთვის იმისი წინაპირობა, ბიუჯეტთან არ იყოს კეთილსინდისიერი. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, ჩვენც ამას ვითხოვთ, ბიუჯეტის წინაშე ყველანი უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერები. ხუთი წლის განმავლობაში „ტვ პირველი“ იყო საუკეთესო გადამხდელი. როდესაც ვხედავთ, ბევრად უფრო დიდი ვალი აქვს ტელეკომპანია „იმედს“ და „მაესტროს“, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით არიან ცნობილი, მაშინ სად არის სამართლიანობა. ეს ინკასო ჩვენ არ გაგვწყვეტს, პირიქით მოტივაცია გაათასმაგებული გვაქვს. შემიძლია, ვთქვა და ყველას ვაძლევ პირობას, 2020 წლიდან გაასმაგებული ძალებით ვიმუშავებთ. უბრალოდ, არჩევნების წინ ეს არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ განხორციელებული შტურმი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.