ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღონისძიების დასრულების შემდეგ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ
ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღონისძიების დასრულების შემდეგ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სამართალდამცველებს ისინი დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე აწვდიან ინფორმაციას.

ტელეკომპანიის დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციის დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი, ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინგა გრიგოლიას თქმით, არსებობს ამის ამსახველი ვიდეომასალაც. ისინი პოლიციისგან ამ პირების ვინაობის დადგენას და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

„ცოტა ხნის წინ დაიბარეს ჩვენი ჟურნალისტები გამოკითხვაზე. მათთან ერთად მოვედით ჩვენც. ბექა მარჯანიშვილი და სალომე თითმერია, ჩვენი ახალგაზრდა ჟურნალისტი და ოპერატორი დილიდან აშუქებდნენ აქციას. დასრულებისას იქ მყოფ ადამიანებს ეკითხებოდნენ მათი ჩამოსვლის და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზეზს და ამ დროს ჯერ გაურკვეველმა ტიპებმა, იმედი მაქვს, მათი იდენტიფიცირება არ გაუჭირდება პოლიციას, რადგან კადრებიც არსებობს. განახორციელეს მათზე თავდასხმა. ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა. დაიწყეს იმით, თქვენ ხართ „ნაციონალების“ არხიო და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ.

პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოდის და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს ადანაშაულებს ტენდენციურობაში, მიკერძოებულობაში და ა.შ. როდესაც წვრილფეხობა ისმენს საკუთარი ლიდერებისგან ასეთ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ, შემდეგ ბედავს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტებს. არც ერთ შემთხვევას არ გავატარებთ, არც ერთ შეურაცხყოფას, რომელიც განხორციელდება ჩვენს ჟურნალისტებზე, ასე არ დავტოვებთ. იმედი მაქვს, რომ კანონის ძალით დაისჯებიან. შეურაცხყოფის გარდა, მათ ალბათ არ იციან, რომ ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ასევე არის დასჯადი. ამიტომ, კანონი რის საშუალებასაც მოგვცემს, მოვითხოვთ, რომ ამ ჩარჩოებში მოხდეს მათი პასუხისმგებლობის დაყენება“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.