ინგა დავითაძე - სოციალური მუშაკები ჰუმანიტარულ ცენტრებს დავემსგავსეთ
ინგა დავითაძე - სოციალური მუშაკები ჰუმანიტარულ ცენტრებს დავემსგავსეთ

სოციალური მუშაკები ჰუმანიტარულ ცენტრებს დავემსგავსეთ, – ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა, ინგა დავითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინ, სად არის სახელმწიფოს როლი? როცა შემთხვევებზე გავდივართ და მაგალითად, ოჯახში ძალიან რთული პირობები გვხვდება, როცა დედა მოგვმართავს, რომ ბავშვი მშიერი ჰყავს და ის კრიზისულ პროგრამაში ჩართვას, კვების ვაუჩერს საჭიროებს, ერთადერთი, რაც სახელმწიფოს გაგვაჩნია, არის განცხადების ფორმა, რომელსაც ბენეფიციარს ვავსებინებთ და ის თვეების განმავლობაში ელოდება იმ კრიზისულ პროგრამას, რაც სწორედ იმ დროს არის საჭირო, როცა მას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ინგა დავითაძემ.

მისი თქმით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აჭარაში ძალიან მძიმე შემთხვევაა, ვინაიდან ის საზღვრისპირა, ზღვისპირა რეგიონია და ზაფხულში დანაშაული ყოველთვის მატულობს.

„გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს არანაირი სერვისი, დღის ცენტრები, კრიზისული ცენტრები და როდესაც შემოსვლის დროს ბენეფიციარს დახმარება სჭირდება, ვერსად ვერ ვათავსებთ და ვერანაირი სერვისებით ვერ ვსარგებლობთ“, – განაცხადა ინგა დავითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არასწორია მიდგომა, რომ ყველაფერში სოციალური მუშაკია დამნაშავე.

„სოციალური პოლიტიკის ეფექტურად და სამართლიანად განხორციელებაზე პასუხისმგებელი ყოველთვის სოციალური მუშაკები არიან. ჩვენ ვართ მაშველი რგოლი და სოციალური მუშაკები ითხოვენ, გვქონდეს შესაძლებლობა, პრობლემებზე უფრო ეფექტურად, ხარისხიანად ვიმუშაოთ. თანდათან, ჩვენთან გადმოვიდა სხვა უწყებები, მრავალი მიმართულება, რომელიც დღეს ჩვენ გვაკისრია და იყო ასეთი კითხვა – ვინ გააკეთებს, სოციალური მუშაკი, ვინ გააკეთებს, სოციალური მუშაკი. საკმაოდ ბევრი ფუნქცია დაგვიგროვდა, უკვე ოცდაათი მიმართულებით ვმუშაობთ და ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს“, – განაცხადა ინგა დავითაძემ.