ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტი 106 პროცენტით შეასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტი 106 პროცენტით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 113.6 მილიონი ლარის გადაჭარბებით ანუ 106%-ით შეასრულა.

სამინისტროს 2019 წლის დამტკიცებული გეგმა 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება 2 მილიარდ 113,6 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სამინისტროს არსებობის განმავლობაში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო 452 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება და მანამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებლის 27%-ით გაუმჯობესება. ბიუჯეტის ათვისება გადაჭარბებით მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მაღალბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს 1 მილიარდ 390 მილიონი ლარის პროექტები დააფინანსა და წლიურ დამტკიცებულ გეგმას 7%-ით გადააჭარბა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ დაგეგმილზე 10%-ით მეტი – 276.3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა.

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ პროექტები 364 მილიონი ლარით დაფინანსდა, რაც დაზუსტებული გეგმის 103%-ს შეადგენს.

14%-ით მეტი სამუშაოები დააფინანსა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამაც“.