ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებულ მოდელზე მუშაობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებულ მოდელზე მუშაობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა აცნობა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და უმეტესად ამის მიზეზი ისაა, რომ თვითმმართველობას არ გააჩნია საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი.

„თუ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს ინიციატივას, ცვლილების საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევა, მუნიციპალიტეტებს საკრებულოების გადაწყვეტილებით შესაძლებლობას მისცემს შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სათანადო მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, ესაა – პარკირება, ნარჩენების გატანა, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ პროცესის ზედამხედველობა და სხვა. საუბარია ისეთი ტიპის დასახლებებზე, როგორიცაა ბაკურიანი, უშგული, გუდაური, ურეკი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საკურორტო დასახლებებში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი სსიპ-ი შეასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც დიდ ქალაქებში ასრულებს.