ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

„სოფელ მოხეს სკოლაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ. სკოლა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში იყო. განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია და წელს მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ასეთი ტიპის სოფლის სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციას და აშენებს ახალ სკოლებსაც. წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხესა და ზარზმის სკოლები 160 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს ემსახურება. სკოლების სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ზარზმის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულება, ხოლო მოხეს სკოლის რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლის პირველივე თვეებში იგეგმება.

დაახლოებით ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი რეგიონებში განვითარების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში სკოლებისთვის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ეს პროცესი რეგიონის 30-ზე მეტ სკოლას მოიცავს და მას ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს. სამუშაოები ჩატარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.