ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს

15:14, 12.11.2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისში ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნას გეგმავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ლაბორატორია სამშენებლო მასალებისა და ობიექტების ხარისხის შემოწმებასა და კონტროლს უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მართვის სისტემას.

ლაბორატორია შეამოწმებს: ასფალტის ნარევსა და საფარს; მყარ და გაუმყარებელ ბეტონს, შემკვრელებს, ქვის მსხვილ და წვრილ შემავსებლებს; არმატურას; გრუნტებს, საფუძვლის ფენებს; გზების საექსპლუატაციო პარამეტრებს; საგზაო ნიშნებს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საგზაო მონიშვნას; ფერდების მონიტორინგს/უსაფრთხოებას; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემაში გამოყენებულ მასალებს, ელექტროაღჭურვილობებსა და მართვის სისტემებს. ასევე, შეისწავლის საინჟინრო ნაგებობების არსებულ მდგომარეობას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა ტენდერი „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე“. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტასჰაბი“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოცდილების გაზიარების მიზნით გერმანიას ეწვივნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ გერმანული კომპანიების – Chemische Technische Laboratorium Heinrich Hart GmbH-ის და SBT – Paul Simon & Partner Ingenieure-ის საქმიანობის ძირითად ასპექტებს. გარდა ამისა, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა გზისა და საბურავის შეჭიდულობის განმსაზღვრელი SKM-მზომი მანქანისა და გზების დიაგნოსტიკის სისტემის თეორიული და პრაქტიკული პრეზენტაცია.

მსგავსი