ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს ორ მეგობარ ქვეყანას შორის მრავალწლიანი და ისტორიულად არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა, მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.

„რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის. თავის მხრივ, აშოტ სმბატიანმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელების არსებული კარგი გამოცდილება და ურთიერთობები. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.