„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს

საკანონმდებლო ორგანო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს კენჭს უყრის. კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

კანონპროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

„ამ კანონპროექტის მიზანი არის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყანაში , რომელიც არის ძალიან სერიოზული გამოწვევა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და საერთო ინტერესებს ვემსახურებით, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება დავიცვათ კიბერთავდასხმებისგან. ახლა, რაც შეეხება იმ ბოდვას, თითქოს არჩევნებზე ცესკო უნდა გააკონტროლოს სუს-მა, ეს ხომ საერთოდ ბოდვის მწვერვალია. ჩაიხედონ ამ კანონპროექტში, სადაც წერია, რომ ეს კანონი ძალაში შედის 31 დეკემბერს და 31 დეკემბერს ძალაში შესული კანონი, რა თქმა უნდა, არჩევნებთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება. თუ ვინმეს აქვს ეჭვი, ხომ არ შეიძლება, ეს სახელმწიფომ გამოიყენოს ბოროტად და ვიღაცის რაღაც ინფორმაციას გაეცნოს – არა, რადგან ამ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ აკრძალულია რაიმე ინფორმაციაზე ან პირად მონაცემებზე რაიმე სახით წვდომა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.