„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - პროკურატურის სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებელი გაუარესდა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - პროკურატურის სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებელი გაუარესდა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაუარესდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა შეისწავლა პროკურატურის 2017-2018 წლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ათი ამოცანიდან 2018 წლის მდგომარეობით ერთი ჩაითვალა შესრულებულად, შვიდი მეტწილად, ხოლო ორი ნაწილობრივ შესრულებულად.

2017 წელს გათვალისწინებული 127 ღონისძიებიდან სრულად შესრულებულია 87, მეტწილად შესრულებულია 20, ნაწილობრივ 15, ხოლო შეუსრულებელია 5 ღონისძიება. 2018 წელს გათვალისწინებული 119 ღონისძიებიდან სრულად შესრულებულია 65, მეტწილად 11, ნაწილობრივ შესრულებულია 11, ხოლო შეუსრულებელია 32.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2017-2018 წლების სტრატეგიის მიხედვით სრულად შესრულებულია თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიება, ხოლო ნაწილობრივ შეუსრულებელია დანაშაულის პრევენციისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღონისძიებები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, არის რიგი საკითხები, სადაც კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დამაკმაყოფილებლად განხორციელდა, თუმცა რჩება გამოწვევები.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრება პროკურატურისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე მყოფი პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობენ კვლევის ავტორ ორგანიზაციასთან, თუმცა რიგ საკითხებს, რომელიც ანგარიშში შეუსრულებელ ღონისძიებად დასახელდა, ისინი არ ეთანხმებიან.