ინფექციური საავადმყოფოს შენობაში წვიმის დროს ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა [ფოტო]
ინფექციური საავადმყოფოს შენობაში წვიმის დროს ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა [ფოტო]

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ინტენსიური წვიმის დროს ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა.

საუბარია კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაზე, რომლის სახურავის შეკეთებაც, როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, კლინიკის მფლობელმა კომპანია „ავერსმა“ ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, გადახადა ნახევარი სახურავი და მოგვიანებით, როდესაც კლინიკამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მიიღო, მას წყალგაუმტარი ქსოვილი, ე.წ ბრეზენტი გადააფარა.

როგორც კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქსოვილმა დღეს მოსული ძლიერი წვიმა ვერ დაიკავა და წყლის დიდი რაოდენობა შენობაში ჩავიდა.

გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ნახევარი, ინვენტარი, პაციენტების ისტორიები, წყალი ჩავიდა ლაბორატორიაში, სადაც სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის კორონავირუსზე კვლევები ტარდება.

შოთა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კომპანია მათ სახურავის შეკეთების საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური კლინიკის შენობები და ტერიტორია 2009 წლის შემდეგ ავერსის საკუთრებაა.

როგორც ცნობილია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად სამუშაოები მიმდინარეობს.