ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობის ტენდერი შეწყდა
ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობის ტენდერი შეწყდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი შეწყდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებდა ვალდებულებას, 26 მილიონ ლარად აეშენებინა 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო. მათივე ცნობით, შემოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო.

„ვინაიდან საპროექტო დავალება იყო ზოგადი ხასიათის, დეტალურად არ განსაზღვრავდა საავადმყოფოს ტექნიკურ პარამეტრებს და მახასიათებლებს, ხოლო ერთდროულად პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაში, დამკვეთს შეზღუდული აქვს საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური მაჩვენებლების განსაზღვრისა და მათი ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალმა მენეჯმენტმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში რთული იქნებოდა სასურველი ხარისხისა და პარამეტრების საავადმყოფოს მიღება. ინფექციური საავადმყოფოს სპეციფიკის, მარეგლამენტირებელი მოთხოვნებისა და მთლიანობაში პროექტის სირთულის გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირებული დიზაინის მისაღებად, ფონდს მიზანშეწონილად მიაჩნია, ტენდერი გაიყოს და კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდეს“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით უკვე მშენებლობის ტენდერს გამოაცხადებს.