ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ დღეს მხოლოდ მძიმე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებს ვიღებთ, ან მათ, ვისაც ჟანგბადი ესაჭიროება
ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ დღეს მხოლოდ მძიმე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებს ვიღებთ, ან მათ, ვისაც ჟანგბადი ესაჭიროება

ჩვენ დღეს მხოლოდ მძიმე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებს ვიღებთ, ან მათ, ვისაც ჟანგბადი ესაჭიროება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ზალდასტანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ პიონერები ვიყავით, ვინც ინფიცირებულ პაციენტებს იღებდა და იღებდა ყველა ინფიცირებულ პაციენტს, მაგრამ დღეს ამის დრო აღარ არის. ჩვენ ვერ მივიღებთ ასიმპტომურ და მსუბუქ პაციენტებს; ვიღებთ მძიმე ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებს, ან მათ, ვისაც ჟანგბადი ესაჭიროება“, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

მისი თქმით, ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მიმღებ განყოფილებაში კრიტიკული ვითარებაა, რადგან ჟანგბადის მიწოდება მხოლოდ ერთ, რეანიმაციულ განყოფილებაშია შესაძლებელი.

„ვახარისხებთ, პაციენტი სად უნდა წავიდეს. ისინი, ვისაც მხოლოდ ინტოქსიკაციის მოვლენები აქვთ და ე.წ სუნთქვის პარამეტრებს იჭერენ, სხვა განყოფილებაში ხვდებიან, ხოლო მათ, ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ, სხვა განყოფილებაში ვათავსებთ. მათი მდგომარეობა ძირითადად, მძიმეა“, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

როგორც ზალდასტანიშვილმა აღნიშნა, ამჟამად კლინიკა ძალიან არის გადატვირთული და ამ წუთისთვის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

„ამ წუთისთვის არც ერთი ადგილი არ გვაქვს. კლინიკა გადატვირთულია, სავსეა და არიან მძიმე პაციენტები. დღეს, ათი წუთის განმავლობაში რამდენიმე ზარი იყო საგანგებო სამსახურიდან და სასწრაფო დახმარებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, პაციენტებს უარს ვეუბნებით, რადგან ამჟამად ადგილი არ გვაქვს“, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საბედნიეროდ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მაია ზალდასტანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, მაქსიმალურად ეცადონ, კოვიდ დაავადებას ნაკლებად შეეჯახონ.

„დაიცავით დისტანცია და ატარეთ ნიღაბი, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით, ერთადერთი ხსნაა“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.