ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი - საზღვრების გახსნის ცოტა გადავადებას სპეციალისტები მივესალმებით
ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი - საზღვრების გახსნის ცოტა გადავადებას სპეციალისტები მივესალმებით

რეალურად არსებული მდგომარეობით, საზღვრების გახსნის ცოტა გადავადებას სპეციალისტები მივესალმებით, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

„სამწუხაროა, რომ კიდევ მოგვიწია გადავადება, ბიზნესისთვის და ტურიზმისთვის ეს ცუდია, მაგრამ ინფექციის კონტროლისთვის პირიქით, კარგია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ინფექციის გავრცელება და ქვეყანაში რაოდენობამ არ მოიმატოს. როგორც ვხედავთ, დაავადების ადგილობრივი გავრცელება თითქმის არ გვაქვს, მაგრამ შემოტანილ შემთხვევებს შეუძლია, ქვეყანაში კვლავ გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაზრდა და დაგვაყენოს ეპიდემიოლოგიური ზრდის წინაშე. სწორედ ამიტომ, უნდა შევინარჩუნოთ მიღწეული შედეგი“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი.

რაც შეეხება დასვენების პერიოდში რეკომენდაციებს, ოთარ ჩოკოშვილი აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სწორად დავიცვათ რეკომენდაციები და სწორადაც დავისვენოთ.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ეს მაშინ, როცა არის დასვენების სეზონი. მოქალაქეები გადაადგილდებიან, წავლენ იმ ადგილებში სადაც უნდა დაისვენონ და შედარებით მოეშვებიან. განსაკუთრებით, ეს ეხება ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. დასვენების რეკომენდაცია ასეთია, რომ ყველა უნდა წავიდეს კურორტებზე, მთაშიც, ზღვაზეც. დღეს საქართველოში არ არის ეპიდემიის ის მაჩვენებელი, რომ რამეს ხელი შეუშალოს. პირიქით, რაც უფრო განიმუხტება ქალაქები და ერთ კონკრეტულ ფართობზე ადამიანების რაოდენობა შემცირდება, ინფექციის გავრცელება კიდევ უფრო უკეთესად იქნება გაკონტროლებული და შემცირდება გავრცელების ალბათობა. მნიშვნელოვანია, სწორად დავიცვათ რეკომენდაციები და სწორადაც დავისვენოთ“, – აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.

დატოვე კომენტარი