ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს. მიმართვა უკავშირდება ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემებში დავით სერგეენკოს სტუმრობას.

„ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა, დაბეჯითებით ვთხოვო დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ, გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი