ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მათ კლინიკაში ჯერჯერობით ახალი პაციენტები არ მოუთავსებიათ და ამ დროისთვის ინფექციურში კოორნავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

გოგინავას თქმით, ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში არ გაუარესებულა.

„დილის მონაცემებით ჯერჯერობით ჩვენთან ახალი პაციენტები არ გადმოუყვანიათ. ამ ეტაპზე ინფექციურში იმყოფება 45 პაციენტი. მათგან ოთხის მდგომარეობა  ფასდება როგორც მძიმე, თუმცა დინამიკაში არ გაუარესებულა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მათ დიდ ნაწილს, 60 პროცენტამდე აღენიშნებათ პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, შესაბამისი მკურნალობა და კვლევები უტარდებათ“, – განაცხადა გოგინავამ.

გოგინავას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვნების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

„მათ დინამიკაში არ აღენიშნებათ რაიმე გაუარესება, პირიქით, კლინიკაში ყველა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, რომ ან არის გაუმჯობესებული ან რჩება სტაბილურად მძიმე“ ,- აღნიშნა გოგინავამ.

ამასთან, ალექსანდრე გოგინავამ სააღდგომო მსახურებაზე ეკლესიაში მრევლის მისვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 დღეში გამოჩნდება, რამდენად მოახდინა მან გავლენა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„რთული საპროგნოზოა, თუ რამდენად მოახდენს გავლენას ეს ყველაფერი ჩვენს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ დაველოდოთ დაახლოებით ერთ კვირაში, 10 დღეში ამ ყველაფერს ვნახავთ.

მე სამსახურში ვიყავი და არ ვიცი, რა ხდებოდა ეკლესიებში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის რეკომენდაციები, რაც გაიცა მინიმუმ იყო დაცული უმრავლეს შემთხვევაში მაინც, რამაც მეტ-ნაკლებად წესით თავიდან უნდა აგვარიდოს დრამატული გაუარესება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, თუმცა ვნახოთ, დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, დინამიკაში ვნახავთ“, – განაცხადა გოგინავამ.