ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის რამდენიმე 70 წელს გადაცილებულია, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის რამდენიმე 70 წელს გადაცილებულია, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

თუმცა, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის სტაბილიზაცია მიღწეულია და ჯერჯერობით დაავადება არ პროგრესირებს.

„ორ პრობლემურ პაციენტთან, საბედნიეროდ, დაავადება არ პროგრესირებს, სტაბილიზაცია უკვე დადგა, მაგრამ ჯერ მაინც პროგნოზი შეუძლებელია და ისევ პრობლემურ პაციენტებად მოიაზრებიან. დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, რამდენიმე დღეა, მათთანაც პროგრესირება არ არის, მკურნალობას ემორჩილებიან და იმედი გვაქვს, რომ სტაბილიზაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, გამოჯანმრთელებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მოზარდების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, არც მათთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება.იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ნაწილი 60 წელზე მეტი ასაკის და 70 წელს გადაცილებულია, თუმცა ქრონიკული დაავადება არც ერთს აქვს.

„გვყავს 60 წელზე მეტი ასაკის და რამდენიმე 70-ს გადაცილებული, ასაკის გამო რისკის ჯგუფში შედიან, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა კი არის მძიმე, მაგრამ მართვადია. ქრონიკული დაავადება ამ ეტაპზე არც ერთს არ აქვს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების ტესტირებას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კიდევ 12 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

„დღის მეორე ნახევარში კვლავ 12 პაციენტზე არის აღებული ტესტი.ზოგთან განმეორებით ტესტირებაზეა ლაპარაკი, ზოგთან პირველადზე“, – დასძინა ეზუგბაიამ.