ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნებათ
ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული ყველა მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნებათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ შეყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ყველა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ დაავადების უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნებათ.

„გუშინ შემოსული ყველა მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის ჩატარებული გაფართოებული კვლევებით სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ძალიან აუმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნებათ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, მძიმე პაციენტებიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით პრობლემურია.

„მძიმე პაციენტებიდან განსაკუთრებით პრობლემურია ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა უცვლელია და მძიმედ რჩება. არსებულ მკურნალობას თუ უპასუხებენ დადებითად, რამდენიმე დღეში გაირკვევა სიტუაცია. დანარჩენი მძიმე პაციენტები მძიმე პნევმონიით, ჯერჯერობით სტაბილურად არიან, არც მათთან არ შეიმჩნევა უფრო დამძიმება, არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.