ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიზნით სინჯებს დღეს აუღებენ
ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიზნით სინჯებს დღეს აუღებენ

ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე დიაგნოსტიკის მიზნით ტესტი ჩატარდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანილი ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი. ინფექციურში პაციენტის სტატუსით ორი, მოზარდები გაფორმდნენ. მათ აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდათ და კლინიკაში ამიტომაც გადაიყვანეს. დაკვირვება დედაზეც მიმდინარეობს, როგორც მათთან კონტაქტში მყოფ პირზე.

ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის სამი წევრი, დედა და ორი შვილი – რვა და 13 წლის მოზარდები. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა, ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და აქედან ორი გარდაიცვალა. ყველა ეს შემთხვევა არის ერთი ქალაქიდან  – ყუმიდან. ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი სამი ადამიანიც არის ქალაქ ყუმიდან, ამიტომ ქვეყანა ძალიან ფრთხილობს, ვინაიდან განსაკუთრებულ შემთხვევად აღიქვა ეს სიტუაცია და ვინაიდან აეროპორტში დაფიქსირდა ამ სამი პირიდან ორთან ტეპერატურა, სამივე გადმოიყვანეს ჩვენთან. როგორც პაციენტი გაფორმდა მხოლოდ ორი, მოზარდები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევებით პნევმონია ორივესთან გამოირიცხა.

„სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს მოხდება ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯების აღება და ჩაატარებენ ტესტს ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ჩვენთან „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსები გამორიცხა. ამ ეტაპზე, პაციენტები გადიან მეთვალყურეობას და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან საჭირო და აუცილებელი არ არის. დედა არ არის ამჟამად ინფიცირებული, მაგრამ ვინაიდან კონტაქტში იმყოფებოდა ბავშვებთან, ისიც გადის მეთვალყურეობას, არა როგორც პაციენტი, არამედ როგორც კონტაქტირებული“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.