ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს

მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს.

ცენტრმა აღნიშნული განმარტება მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომელშიც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

ინფექციურ კლინიკაში ამბობენ, რომ აღნიშნული პოსტის შემდეგ მათთან არაერთმა მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფო რიგით მოქალაქეებს მიღებაზე უარს ეუბნება, მამუკა ხაზარაძისთვის კი, როგორც „პრივილეგირებული“ პაციენტისთვის, ადგილი გამოიძებნა.

„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველა პაციენტი თანაბარია და ყველას ერთნაირად, ერთი გაიდლაინით ვმკურნალობთ. ჩვენთვის პრივილეგირებული პაციენტები არ არსებობენ. ამ ეტაპზე ჩვენს დაწესებულებაში ყველა ადგილი დაკავებულია და პაციენტებს ვერ ვიღებთ. როდესაც პაციენტები გაეწერებიან, გამოთავისუფლებულ ადგილზე ნებისმიერ იმ პაციენტს მივიღებთ, რომელსაც იმ მომენტში დასჭირდება ჩვენთან მკურნალობა“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ამასთან, პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის. აღნიშნული კლინიკა „ავერსის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ასევე ფუნქციონიერბს ინფექციური საავადმყოფო.