ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან დაბრუნებულმა ორმა მოქალაქემ მიმართა
ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან დაბრუნებულმა ორმა მოქალაქემ მიმართა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ორმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„ორივე ახალგაზრდა ქალბატონია, რომლებიც იმყოფებოდნენ ჩინეთში. ორივეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება, თუმცა არა აეროპორტში. ისინი დღეს არ ჩამოსულან. ერთი 31 იანვარს ჩამოვიდა თბილისში, მეორე კი – 28 რიცხვში. ჩამოსვლის დღეს მათ ტემპერატურა არ ჰქონდათ. არც აეროპორტში დაფიქსირებულა და არც სახლში აღენიშნებოდათ. მათ დღეს თავად მომართეს კლინიკას მაღალი ტემპერატურის ჩივილით. მათგან ერთს უკვე აუღეს მასალა სასუნთქი გზებიდან და ხვალ იქნება პასუხი, მეორეს კი, რომელიც საღამოს შემოვიდა, ხვალ აუღებენ მასალას და მისი პასუხიც უკვე ხვალ საღამოს იქნება. არც ერთ მათგანს არ აქვს პნევმონია და არც ერთი არ იყო მძიმე. დღეისთვის არც ერთს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და სხვა რომელიმე კლინიკური სიმპტომი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.