ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი - კორონავირუსი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე და სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში
ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი - კორონავირუსი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე და სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში

კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე, ასევე, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში არის გადამდები, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მაქსიმუმ 14 დღეს მოიცავს, ვირუსი ძირითადად მეხუთე-მეშვიდე დღეს ვლინდება. ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან გამკლავება, რასაც მოწმობს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი.

„უსიმპტომო პაციენტი ნაკლებად გადამდებია, რადგან რაც უფრო ნაკლები სიმპტომი აქვს, მით ნაკლებ წვეთს გამოყოფს მისი ორგანიზმი და შესაბამისად, მით ნაკლებ ვირუსს. შესაბამისად, ნაკლებად გადამდებია, თუმცა გადამდებია. საინკუბაციო პერიოდის მაქსიმუმი ისევ 14 დღეა ჯერჯერობით, თუმცა, ვინაიდან საშუალოდ, 97 პროცენტში დაავადება გამოვლინდება მე-5, მე-7 დღის ჩათვლით და დანარჩენი, ის სამი პროცენტი გამოვლინდება მეხუთედან მე-14 დღის ჩათვლით, ამიტომ შეამცირეს კარანტინი 12 დღემდე. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, რომ ყოველდღიურად იხოცება დაახლოებით 5 000 ადამიანი და ფიქსირდება დაახლოებით 200-დან 300 ათასამდე ახალი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობის პროცენტი იკლებს. მსოფლიომ შედარებით ისწავლა, რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამიტომ უფრო ფხიზლად ვართ“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდებიან. მისი თქმით, საუბარია „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაზე, მათთან კი ქართული მხარის მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.

„იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმედისმომცემი ვაქცინა, რომელზეც „ასტრაზენეკა“ კვლევას ატარებდა, დროებით შეჩერებულია, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. რამდენიმე დღეში ისინი ვარაუდობენ, რომ განაგრძობენ ვაქცინის კვლევას და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება ვაქცინა, ამ წლის ბოლოს რომ იყოს უკვე წარმოებადი და მოხმარებადი ადამიანებისთვის. ჩვენთვის რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ამ კონკრეტულ ვაქცინაზე, ოქსფორდის ვაქცინა რომელიც არის, ამაზე მოლაპარაკებები მიდის“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.