ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა

გრიპის ვირუსით დაავადებულთა მომართვიანობა ბოლო დღეების განმავლობაში არ გაზრდილა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტმა მაია ჟამუტაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მედიკოსის თქმით, დღის განმავლობაში კლინიკას 30-35 პაციენტი მიმართავს, რომელთაგან უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ასაკისაა.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მედიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, ვინაიდან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ.

„დღის განმავლობაში მოგვმართავს 30-35 პროცენტი, სტაბილურად არის მომართვა და მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის დაახლოებით 30-40 პროცენტ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისი, სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა“ ,- განაცხადა  მაია ჟამუტაშვილმა.