ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის საგამოძიებო მასალებით დადგინდა პაჰალგამის თავდასხმის კავშირი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურთან
ინდოეთის საგამოძიებო მასალებით დადგინდა პაჰალგამის თავდასხმის კავშირი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ანტიტერორისტული ორგანოს, „ეროვნული საგამოძიებო სააგენტოს“ (NIA) წინასწარი ანგარიში მიუთითებს პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოს (ISI) და ტერორისტულ დაჯგუფება „ლაშქარ-ე-ტაიბას“ შორის ოპერატიულ კავშირზე.
ინდური მედია ეროვნულ საგამოძიებო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტული თავდასხმის მომზადებისას, რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, შეთქმულება „ლაშქარ-ე-ტაიბაში“ შემუშავდა, სავარაუდოდ, პაკისტანის დაზვერვის მაღალჩინოსნების მიერ გაცემული დირექტივების შესაბამისად.
წყაროების ცნობით, გეგმა პაკისტანში, „ლაშქარ-ე-ტაიბას“ შტაბ-ბინაში შემუშავდა. ინდური მედიის ცნობით, თავდასხმის ორი მთავარი მონაწილე, ჰაშმი მუსა და ალი ბჰაი დადასტურებულად პაკისტანის მოქალაქეები არიან. ინდური მედია წერს, რომ დაკავებული ოპერატიული პირების დაკითხვამ აჩვენა, რომ ორივე თავდამსხმელი მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებდა პაკისტანში მყოფ პირებთან და ვადების, ლოგისტიკისა და შესრულების შესახებ კონკრეტულ ინსტრუქციებს იღებდნენ.
ინდური მედიის თანახმად, ტერორისტები ინდოეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდნენ და მათ ეხმარებოდა მიწისზედა მუშაკების (OGW) ქსელი, რომლებიც ადგილობრივ ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ, მათ შორის თავშესაფრით, ნავიგაციითა და დაზვერვით.
ინდოეთის შსს-მ და უსაფრთხოების სააგენტოებმა 2 800-ზე მეტი პირი დაკითხეს. 2 მაისის მონაცემებით, შემდგომი დაკითხვისთვის 150-ზე მეტი პირი კვლავ დაკავებულია.
პაჰალგამში თავდასხმა 22 აპრილს მოხდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.