ინდონეზიის დედაქალაქში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, დაშავებულია, სულ მცირე, 55 ადამიანი, მომხდართან დაკავშირებით 17 წლის მოსწავლეა ეჭვმიტანილი
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სკოლის შენობის კომპლექსში მდებარე მეჩეთში ლოცვის დროს აფეთქება მოხდა, დაშავებულია, სულ მცირე, 55 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 12:15 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულებს მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ეჭვმიტანილი 17 წლის მოსწავლეა, რომელიც ინციდენტის შედეგად დაშავდა და ამჟამად ოპერაცია უტარდება.
ამასთან, სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სკოლაში ხელნაკეთი ბომბი მიიტანა მოსწავლემ, რომელსაც ხშირად „აბულინგებდნენ“.