ინდონეზიაში ოჯახის წევრებთან ერთად, ტერაქტში 8 წლის ბავშვი მონაწილეობდა
ინდონეზიაში ოჯახის წევრებთან ერთად, ტერაქტში 8 წლის ბავშვი მონაწილეობდა

ინდონეზიაში დღეს კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. თავდამსხმელები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ შორის 8 წლის ბავშვი. თვითმკვლელებმა თავი ქალაქ სურაბაიაში, პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქეს.

პოლიციის ცნობით, ერთი ოჯახის ხუთი წევრი ორი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მათ თავი მაშინ აიფეთქეს, როდესაც პოლიციის საგუშაგოს მიუახლოვდნენ.  თვითმკვლელებს შორის ერთი, 8 წლის ბავშვი გადარჩა.

აფეთქების დროს დაიჭრა სულ მცირე, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი პოლიციელი.

შეგახსენებთ, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში ტერაქტების სერია გუშინაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც, თავდასხმის ორგანიზატორი და შემსრულებელი ერთი ოჯახი იყო. დედა 12 და 9 წლის ქალიშვილებთან ერთად ქრისტიანულ ეკლესიაში შევიდა და თავი აიფეთქა. პარალელურად კიდევ ერთ ტაძარში, ამავე ოჯახის წევრმა მამამ და მისმა ორმა ვაჟმა აიფეთქეს თავი. ბავშვების ასაკი 16 და 18 წელი იყო. ისინი ეკლესიაში მოტოციკლებით შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა სირიიდან. გამოძიების ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ინდონეზიაში მოქმედ დაჯგუფებას ეკისრება, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.