ინდონეზიაში ქორწინებამდე თანაცხოვრება შესაძლოა, ექვსთვიანი პატიმრობით დაისაჯოს
ინდონეზიაში ქორწინებამდე თანაცხოვრება შესაძლოა, ექვსთვიანი პატიმრობით დაისაჯოს

ინდონეზიაში ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში წყვილებს (სქესობრივი კავშირი) ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულს ითვალისწინებს ახალი კრიმინალური კოდექსი, რომლის მიღებაზეც ინდონეზიის მთავრობის წევრები და პარლემენტის წევრები შეთანხმდნენ.

კანონპროექტის მიხედვით, დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც „ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ“, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

დაუქორწინებელი წყვილების მიმართ საქმის წარმოება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პოლიციას შესაბამისი საჩივრით „სოფლის უხუცესი“ მიმართავს და ეჭვმიტანილის მშობლები ან შვილები წინააღმდეგნი არ არიან. პოლიციაში საჩივრის შეტანა ასევე შეუძლიათ ეჭვმიტანილის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს.

პარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი კრიმინალური კოდექსის მიღება აუცილებელი იყო, რადგან „სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები ისეთი ქცევისგან, რომელიც უფლის სწავლებას ეწინააღმდეგება“. კანონმდებლების თქმით, პროექტზე მუშაობის დროს მათ კონსულტაციები ყველა რელიგიის სასულიერო პირებთან გაიარეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონი სავარაუდოდ მილიონობით ინდონეზიელს შეეხება, რადგან ბოლო კვლევებით ქორწინებამდე სექსუალური კავშირი მოქალაქეთა 40%-ს აქვს.

ახალი კანონმდებლობით ასევე იკრძალება „საზოგადოებრივი ნორმების საწინააღმდეგო ქცევა“. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები გავრცელდება უცხოელებზეც.

ახალი კრიმინალური კოდექსით ქალებს ეკრძალებათ აბორტის გაკეთება, თუ ამის სამედიცინო საჭიროება არ დგას ან ქალი ძალადობის მსხვერპლი არ არის. სხვა შემთხვევაში აბორტი ოთხი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, პირებს ვინც კონტრაცეფციას უწევს რეკლამირებას, სოლიდურ ჯარიმებს დაუწესებენ.