ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. სტიქიის დროს კიდევ 12 პირი დაშავდა.

ქვეყნის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სტიქიის ზონაში ძალიან ბევრი შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია. მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი და მეჩეთი.

სტიქია კუნძულ სულავესს დაატყდა თავს. 7,5 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისქვეშა რყევებმა ქალაქ პალუში ცუნამი გამოიწვია, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის გამო, პალუს მთავარი აეროპორტი დროებით დაიხურა. რეისების განხორციელების უფლება მხოლოდ ვერტმფრენებს აქვთ.

ინდონეზია, სადაც 260 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.