ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნაწილები ზღვაში აღმოაჩინეს
ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნაწილები ზღვაში აღმოაჩინეს

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნაწილები ზღვაში, 30-40 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

ავიაკომპანია Lion Air-ში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 2018 წელს მიიღეს ექსპლუატაციაში და კომპანია 15 აგვისტოდან იყენებდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟი ავიაკატასტროფამდე აეროპორტში დაბრუნებას ითხოვდა.

ბოლო მონაცემებით, თვითმფრინავში 181 მგზავრი, ორი მფრინავი და ექვსი ბორტგამცილებელი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ზონაში უკვე აღმოაჩინეს თვითმფრინავის ნაწილები. ავიაკატასტროფის ზონაში  მყვინთავები იწყებენ მუშაობას.

ინდონეზიის ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ინფორმაციით, Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავი შიდა რეისს, დედაქალაქ ჯაკარტადან, კუნძულ ბანგკას მიმართულებით ასრულებდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ზღვაში, აფრენიდან 13 წუთში ჩამოვარდა.