ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა - კერალას შტატში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა
ინდოეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა - კერალას შტატში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა

ინდოეთში, კერალას შტატში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. რეგიონში წყალდიდობამ უკვე 97-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ათი ათასობით მოსახლესთან სტიქიის გამო ამ დრომდე კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ხელისუფლებამ სპეციალურად ამისთვის ათობით ნავი გამოყო.

დატბორილ დასახლებებში სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მეთევზეებმა. მაშველებს დახმარებას უწევენ სამხედრო მოსამსახურეებიც.

კერალას შტატში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ათი ათასობით მოსახლეს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. სტიქიამ ასობით შენობა და სახნავ-სათესი მიწა გაანადგურა. დროებით შეწყვეტილია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. რამდენიმე დღით დახურული იყო კოჩის საერთაშორისო აეროპორტიც.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, კერალას შტატში ძლიერი წვიმა კიდევ ოთხ დღეს გაგრძელდება.