ინდოეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ინდოეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ჩენაიში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, ევაკუაციის საჭიროება ქალაქში არაკონტროლირებადი და უხარისხო მშენებლობების გამო მიიღეს. ადგილზე სამაშველო ძალებია მობილიზებული. ქალაქ ჩენაიში ქუჩების უმეტესობა დატბორილია, რის გამოც გაჩერებულია სამსახურები, ასევე დახურულია სასწავლო დაწესებულებებიც.

გარდა ამისა, დენის დარტყმით გამოწვეული ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, ქალაქ ჩენაის ხელმძღვანელობამ ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

ინდოეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი სიძლიერის წვიმები ინდოეთის სამხრეთით 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, კლიმატურმა ცვლილებებმა და გლობალურმა დათბობამ რეგიონში ნალექის რაოდენობის გაზრდა და გახშირება გამოიწვია. მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წვიმა რეგიონში კიდევ სულ მცირე 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.