ინდოეთში სოფლის მეურნეობის ახალი კანონმდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ფერმერმა გააპროტესტა
ინდოეთში სოფლის მეურნეობის ახალი კანონმდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ფერმერმა გააპროტესტა

ინდოეთში სოფლის მეურნეობის ახალი კანონმდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ფერმერმა გააპროტესტა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, უტარ პრადეშის შტატში გამართულ აქციაზე ფერმერებმა სამი კანონის უკან გაწვევა მოითხოვეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ფერმერების მოგებას დააზარალებს და პრიორიტეტს მსხვილ კორპორაციებს მიანიჭებს.

აქციის მონაწილეებმა 27 სექტემბერს მთელი ინდოეთის პარალიზების ინიციატივა გააჟღერეს.

ინდოეთის მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამი კანონი გასული წლის სექტემბერში მიიღო. მინისტრთა კაბინეტი ამტკიცებს, რომ ახალი კანონები სასოფლო-სამეურნეო სექტორს განაახლებს და გამოაცოცხლებს. კანონმდებლობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი მთავრობის მიერ რეგულირებული საბითუმო ბაზრების გარეთ, მსხვილ მყიდველებზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ ეს ფერმერებს გაათავისუფლებს და უკეთესი ფასების მიღებაში დაეხმარება. მაგრამ ფერმერები შიშობენ, რომ კანონები საფრთხეს უქმნის მათ საარსებო წყაროს და რომ მარცვლეულის შენახვისა და მარკეტინგის შესახებ რეგულაციების შემსუბუქებით, მსხვილი კორპორაციები ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ, რის გამოც მცირე მოთამაშეები თავისუფალი ბაზრის ხელში აღმოჩნდებიან.

დატოვე კომენტარი