ინდოეთში სასკოლო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 30 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში სასკოლო ავტობუსი ავარიაში მოყვა. მომხდარის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 12 წლამდე ასაკის 27 ბავშვი, ორი მასწავლებელი და მძღოლია.
12 არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჰიმჩალ-პრადეშის შტატში მოხდა. ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში ავტობუსი 90 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მძღოლი მაღალი სიჩქარით მიდიოდა და მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.
ინდოეთი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ყოველწლიურად ინდოეთის ავტომაგისტრალებზე ავარიების შედეგად დაახლოებით 135 000 ადამიანი იღუპება.