ინდოეთში ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოკლეს
ინდოეთში ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოკლეს

ინდოეთში სამართალდამცველებმა ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰაიდარაბადში მოხდა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ვეტერინარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ, თუმცა გამოძიების ფარგლებში ისინი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, იქ ყოფნის დროს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა პოლიციელისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა სცადა, სწორედ ამ დროს სამართალდამცველებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. შედეგად ოთხივე ეჭვმიტანილი დაიღუპა. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელიც დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, გასულ კვირას ახალგაზრდა ვეტერინარი სახლიდან საკუთარი მოტოციკლით წავიდა, თუმცა მისი გაფუჭების შემდეგ ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ დანიშნულების ადგილას მიყვანა გზაზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა შესთავაზა. ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს.

27 წლის ვეტერინარის სხეულს სამართალდამცველებმა მხოლოდ შემდეგ დღეს მიაგნეს. დაღუპულის ოჯახის წევრებმა სამართალდამცველები უმოქმედობაში დაადანაშაულეს. როგორც მათ განაცხადეს, გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცველებმა მის მოსაძებნად შესაბამისი ზომები არ მიიღეს. პოლიციის უმოქმედობის ბრალდებით ქალაქ ჰაიდარაბადში საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ინდოეთში ქალებზე სექსუალური ძალადობა 2012 წლის შემდეგ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში არის მოქცეული. მაშინ მამაკაცთა ჯგუფმა ავტობუსში მგზავრობის დროს გოგონა გააუპატიურა და მოკლა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ინდოეთის სამართალდამცავ უწყებებში საერთო ჯამში გაუპატიურების 33 658 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთში ყოველდღიურად საშუალოდ 93 ქალზე სექსუალურად ძალადობენ.