ინდოეთში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასული სამი დღის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიებმა ასობით სოფელში სახლები წალეკეს, რის შედეგად მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმჩალ-პრადეშის შტატში, სადაც მეწყერმა და წყალდიდობამ 36 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაკარგულად ითვლება მეზობელ უტარაკჰანდის შტატში.

ძლიერმა წვიმებმა ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას და ჯარხანდის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყალდიდობის და მეწყერის შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება. 120 ათასი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.