ინდოეთში მარმარილოს ნარჩენების ნაგავსაყრელი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა
ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცეული მარმარილოს ნარჩენების ნაგავსაყრელი (საილუსტრაციო ფოტო)
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში ტურისტები მასობრივად მიეშურებიან კრისტალურად სუფთა წყლებთან ან თოვლით დაფარულ ხეობასთან მომსგავსებულ ფონზე ფოტოების გადასაღებად. თუმცა, ეს ერთი შეხედვით თვალწარმტაცი ადგილი, სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ მარმარილოს საწარმოო ნარჩენების ნაგავსაყრელია.
რაჯასტანის შტატის (ინდოეთი) ცენტრში, „მარმარილოს ქალაქად“ ცნობილ კიშანგარჰში მდებარე ნაგავსაყრელს დაახლოებით 33 ჰექტარი ფართობი უკავია და აქ ყოველდღიურად რეგიონის 1 200-ზე მეტი ქარხნიდან და სახელოსნოდან შემოტანილი 5 500 ტონაზე მეტი გადამუშავებული მარმარილოს ნარჩენი იყრება.
ამ ტერიტორიაზე ახლადდაქორწინებულები, კირქვის უნაკლოდ თეთრ ბორცვებს შორის, ხშირად პოზირებენ, ეს უჩვეულო ლანდშაფტი ფილმებისა და მუსიკალური ვიდეოების გადასაღებ ადგილადაც გამოიყენება. ზოგიერთს კი ამ უჩვეულო, გორაკიან რელიეფზე ცხენით ლაშქრობა იზიდავს.
ამ ადგილის პოპულარობა, უმეტესწილად, სოციალური ქსელების წყალობით გაიზარდა; აქაურ კაშკაშა თეთრ ლანდშაფტს ვიზიტორები ალპების თოვლიან პეიზაჟებს ადარებენ.
წვიმის შემდეგ მარმარილოს ნარჩენების უზარმაზარ გროვებს შორის არსებულ ღრმულებში წყალი გროვდება და კაშკაშა ლურჯ ტბორებს წარმოქმნის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალპური ლანდშაფტის ილუზიას.
თუმცა, ღია ცის ქვეშ ასეთი ნაგავსაყრელის არსებობა გარემოსთვის სერიოზული ზიანის მომტანია.
ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ გარემოს ყველაზე მეტად წვრილი, მყარი ნაწილაკებით ჰაერის და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება აზიანებს.
ამასთან, კვლევებმა ადგილობრივ წყალსატევებში მარილების მაღალი კონცენტრაცია, წყლის მაღალი სიხისტე და გარკვეული მძიმე ლითონების არსებობა გამოავლინა.
იანვარში, ინდოეთის ეროვნულმა ეკოლოგიურმა ტრიბუნალმა (NGT) რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელიც, ნარჩენების უკონტროლოდ გადაყრის ნაცვლად, მათი ხელახალი გადამუშავების წახალისებას ისახავს მიზნად.
„ადგილზე არ არსებობს ნარჩენების იზოლირების სისტემა, დალექვის აუზები, მტვრის კონტროლის მექანიზმი, ჰაერის ან გრუნტის წყლების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და დამცავი მწვანე ზოლი“, – ხაზგასმით არის აღნიშნული NGT-ის გადაწყვეტილებაში.
თუმცა, ეს ვერ აკავებს ვიზიტორებს, რომლებიც ამ შთამბეჭდავი და ერთი შეხედვით სურეალისტური ლანდშაფტისკენ კვლავ მასობრივად მიეშურებიან.
ინდოეთში მარმარილოს ნარჩენების ნაგავსაყრელი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა: ხალხი მასობრივად სტუმრობს ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, კიშანგარჰში მდებარე თეთრი მარმარილოს საწარმოო ნარჩენების უზარმაზარ ნაგავსაყრელს, რომელსაც უჩვეულო, თითქოს სხვა სამყაროსეული იერსახე აქვს.