ინდოეთში კორონავირუსით 6 148 პაციენტი გარდაიცვალა
ინდოეთში კორონავირუსით 6 148 პაციენტი გარდაიცვალა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 6 148 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთში გარდაცვალების აღნიშნული მაჩვენებელი ბიჰარის შტატის მიერ მონაცემების გადახედვის შედეგად დაფიქსირდა, რომელშიც სახლში და კერძო საავადმყოფოებში გარდაცვლილი პაციენტებიც აღრიცხეს.

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ერთ შტატში დაურეგისტრირებელი შემთხვევების აღმოჩენა, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მაღალია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინდოეთი 29.2 მილიონი შემთხვევით მეორე ადგილს იკავებს შეერთებული შტატების შემდეგ, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა 359 676-ს შეადგენს.

მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა არასრულად აღირიცხება, რადგან სოფლის რაიონებში, სადაც მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს, ტესტირების ცენტრები და საავადმყოფოები ცოტაა და ერთმანეთისგან შორი მანძილით არიან დაშორებულნი.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ მიხედვით, ინდოეთში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები 600 000-დან 1.6 მილიონამდე მერყეობს.

მთავრობამ აღნიშნული შეფასება გადაჭარბებულად მიიჩნია, თუმცა ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობას მოუწოდა, რომ ბიჰარის შტატის მაგალითს მიბაძონ და ბოლო ორი თვის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები თავიდან აღრიცხონ.

დატოვე კომენტარი