ინდოეთში არეულობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში არეულობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში არეულობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახალი კანონის გამო, ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის შეტაკება მოხდა.

დაღუპულებთან ერთად, არიან დაშავებულებიც. ექიმების ინფორმაციით, 15 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების განმუხტვა პოლიციამ ცრემლმდენი აირით სცადა, თუმცა დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთის მიმართულებით ქვებს ისროდნენ. არეულობის დროს გაისმა სროლის ხმაც. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ინდოეთის დედაქალაქში არეულობა მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახალმა კანონმა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი მის მხარდასაჭერად, ნაწილი კი მის წინააღმდეგ ქუჩებში გავიდა, რასაც საბოლოო ჯამში რელიგიურ ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ახალი კანონი რელიგიური უმცირესობებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას მოიცავს. მათ შორის არიან ბუდისტები, ინდუისტები, ქრისტიანები, სიქები, თუმცა სიაში არ არიან მუსლიმები. მოქალაქეობის მიღების გამარტივება ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ჩასულ პირებს შეეხებათ.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ კანონი დისკრიმინაციულია. თუმცა ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დოკუმენტში შესულ სამ ქვეყანაში მუსლიმების დისკრიმინაცია არ ხდება. ხელისუფლების განმარტებით, სწორედ ამიტომ არ შეიყვანეს სიაში მუსლიმები.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში მოსახლეობის 10 პროცენტი მუსლიმები არიან.

დატოვე კომენტარი