ინდოეთში არეულობებისა და შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
ინდოეთში არეულობებისა და შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ინდოეთის დედაქალაქში მასობრივი არეულობებისა და შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. რამდენიმე დაშავებული ნიუ დელის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მსხვერპლთა შორის ერთი პოლიციელია.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღემატება, მათ შორის არიან ბავშვები.

შეტაკებები ინდოეთში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ახალი კანონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. არეულობისას გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი.

ახალმა კანონმა ინდოეთში ძირითადად ინდუსებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება გაამწვავა.

საკანონმდებლო ცვლილება მეზობელი სახელმწიფოებიდან არამუსლიმი არალეგალი მიგრანტებისთვის ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს. მუსლიმები კანონის მიღებას აპროტესტებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მთავრობის ინიციატივით მიღებული კანონი მუსლიმების დისკრიმინაციას წარმოადგენს.

მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი ინდოეთის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა. ცვლილების წინააღმდეგ დემონსტრაციები ქვეყანაში წლის ბოლოსაც გაიმართა. ინდოეთში, რომლის მოსახლეობა თითქმის 1,4 მილიარდ ადამიანს შეადგენს, 190 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს.

ხელისუფლება მუსლიმთა დისკრიმინაციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება მეზობელ ისლამურ ქვეყნებში დევნილი უმცირესობების დასახმარებლად არის მიღებული.