ინდოეთში 6,5 კილომეტრის სიგრძის ნამცხვარი გამოაცხვეს
ინდოეთში 6,5 კილომეტრის სიგრძის ნამცხვარი გამოაცხვეს

ინდოეთში მცხობელებმა 6,5 კილომეტრის სიგრძის ნამცხვარი გამოაცხვეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, კერალას შტატის ქალაქ ტრისურში ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე საავტომობილო გზა გადაკეტეს, რათა მცხობელებს რეკორდული სიგრძის ნამცხვრის გამოცხობა შეძლებოდათ. როგორც თავად მცხობელები ამბობენ, ვანილით და შოკოლადით გაკეთებული ნამცხვრის სიგრძე 6,5 კილომეტრია, შესაბამისად, მათ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესეს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა 1 500-მა მცხობელმა მიიღო. ისინი 6,5 კილომეტრის სიგრძის ნამცხვარს ოთხი საათის განმავლობაში აკეთებდნენ. მის დასამზადებლად მცხობელებმა 12 000 კილოგრამი შაქარი და ფქვილი გამოიყენეს. ღონისძიების ორგანიზატორები კერალას შტატის მცხობელთა ასოციაციის წევრები იყვნენ.

ახლა 6,5 კილომეტრის სიგრძის ნამცხვარი გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენლებმა უნდა შეამოწმონ და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინდოელი მცხობელები გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შევლენ.

ამჟამად რეკორდი ჩინელ მცხობელებს ეკუთვნით, რომელთაც 2018 წელს 3,2 კილომეტრი სიგრძის ხილის ნამცხვარი გამოაცხვეს.