ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროები, მეორე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან, სროლის ხმა სადავო ჯამუ-ქაშმირის სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ისმის
ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროები, მეორე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან, სროლის ხმა სადავო ჯამუ-ქაშმირის სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ისმის

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროები, მეორე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უხსნიან. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სროლის ხმა სადავო ჯამუ-ქაშმირის სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, უკვე მეორე დღეა, ისმის.

ინდოეთის არმიაში განაცხადეს, რომ მათ ცეცხლით უპასუხეს პაკისტანის საგუშაგოებიდან ღამით გახსნილ ცეცხლს. პაკისტანში ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთოებები უკიდურესად დაიძაბა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მომხდარი თავდასხმის გამო. მომხდარზე პასუხისმგებლობა უცნობმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთმა ტურისტებზე თავდასხმას, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტერაქტი უწოდა. ნიუ დელიში აცხადებენ, რომ სამი თავდამსხმელიდან ორი პაკისტანის მოქალაქეა.

მომხდარის გამო ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ინდოეთმა პაკისტანთან ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა და განაცხადა, რომ აჩერებს წყლის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებას. ეს შეთანხმება 1960 წელს გაფორმდა და ინდოეთ-პაკისტანის ომის დროსაც მოქმედებდა.

თავის მხრივ, პაკისტანმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს ინდოეთის მოქალაქეების ვიზები. ამას გარდა, პაკისტანმა ჩაკეტა ინდური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე და ვაჭრობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამასთან, პაკისტანი ინდოელი დიპლომატების ნაწილს ქვეყნიდან გააძევებს.

ცნობისთვის, ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ტერიტორიული დავის საგანს წარმოადგენს. რეგიონში მოქმედი სეპარატისტული დაჯგუფებები, როგორც წესი, მხარს უჭერენ, რომ ეს შტატი სრულად დაექვემდებაროს პაკისტანის კონტროლს.